ინგლისური ანდაზა ამბობს: „ნუ აღზრდით ბავშვებს, მაინც თქვენ დაგემსგავსებიან, აღზარდეთ საკუთარი თავი“. ეს კვებით ჩვევებსაც ეხება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატარას, რომლის ოჯახშიც რეგულარულად მიირთმევენ შემწვარ კერძებს და ტკბილი გაზიანი სასმელებით აყოლებენ, ორთქლზე მომზადებული ბროკოლი შეუყვარდეს.
ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენი ოჯახის რაციონს.
რაც უფრო ადრე მიხედავთ სწორი კვების საკითხს, მით უკეთესი. დამტკიცებულია, რომ დედის კვებითი უპირატესობები ორსულობის დროს გავლენას ახდენს ბავშვის გემოვნებითი უპირატესობების ჩამოყალიბებაზე.
ესვე ეხება ძუძუთი კვების პერიოდსაც. მნიშვნელოვანია ბავშვის კვების რეჟიმის ჩამოყალიბება. უფრო მარტივი და სასიამოვნოა ამის ერთად გაკეთება — მთელი ოჯახით მაგიდასთან დაჯდომა და ჭამა.
სასურველია, სახლში მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები იჭმებოდეს. თუ რაიმე ნაკლებად სასარგებლო იქნება, უმჯობესია ბავშვმა ეს ვერ დაინახოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჩნდება სურვილი გასინჯოს და გაუკვირდება, რატომ შეუძლიათ სხვებს და მას — არა.
ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ხშირად დაკავებულნი არიან საკუთარი „მნიშვნელოვანი საქმეებით“ და დიდხანს ვერ ჩერდებიან მაგიდასთან. ამიტომ ხშირად „სირბილში“ ჭამენ.
სასურველია, ბავშვი მიაჩვიოთ ჭამას ერთსა და იმავე დროს და შექმნათ გარკვეული რიტუალი. თუ ეს ჯერ არ გამოგდით, წინასწარ მოამზადეთ ხილის ნაჭრები, ხილის პიურე „არაგამოსულ ჭიქაში“, სასმელი იოგურტი, მოხარშული ბოსტნეულის ნაჭრები (სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, გოგრა). როდესაც შეამჩნევთ, რომ ბავშვი მშიერია, შესთავაზეთ წახემსება.
შესთავაზეთ, მაგრამ ნუ აიძულებთ ჭამას, თუნდაც ყველაზე სასარგებლო საკვები იყოს. ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება სასარგებლო პროდუქტების მიმართ ინტერესის დაკარგვა გამოიწვიოს.
კაფეში ვიზიტისას აირჩიეთ ადგილი საბავშვო მენიუთი, რომელიც მოიცავს სუპებს, ბოსტნეულის, ხილის კერძებს და ფაფებს. თუ ასეთი არჩევანი არ არის, ან სტუმრად მიდიხართ და არ იცით, რა საკვები დაგხვდებათ, წაიღეთ ბავშვისთვის საკვები სახლიდან.
წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბავშვს შესთავაზებთ მარილით, შაქრით, სანელებლებითა და ცხიმით გაჯერებულ საკვებს. ასეთი პროდუქტები პატარა ბავშვებისთვის შეუსაბამოა და შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტად გამოკვეთილი გემოსადმი მიჩვევა და საბავშვო საკვების მიმართ ინტერესის შემცირება.