საბავშვო ავეჯი ხერხემლის ჯანმრთელობისთვის
ხერხემლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ბავშვის ტანდეგობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ავეჯს, რომელსაც პატარა იყენებს. ყველაზე მთავარია – როგორ ზის და რაზე სძინავს.
საწოლი და ლეიბი. უნდა იყოს არა ძველი, სწორი, ჩაზნექილობების ან ამობერილობების გარეშე. არ ღირს უფროსი ბავშვის ლეიბის უმცროსისთვის გადაცემა. პირველი შვილის გამოყენების პერიოდში ის დეფორმირდება და შემდგომში შესაძლოა სრულად ვერ შეასრულოს თავისი დამხმარე ფუნქციები. ლეიბი უნდა შეარჩიოთ ორთოპედიული, ამასთან, პატარა ბავშვებისთვის უმჯობესია უფრო ხისტი ლეიბის ყიდვა, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო რბილიც შეიძლება. თუ გადაწყვეტთ ზამბარიანი ლეიბის შეძენას, აირჩიეთ ისეთი, რომლის ზამბარები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია: ის გაცილებით უკეთ უჭერს მხარს ხერხემალს.
მაგიდა და სკამი ბავშვისთვის. როგორც კი პატარა მაგიდასთან დაჯდომას და მეცადინეობას დაიწყებს, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ის ზომით შესაფერისი მაგიდითა და სკამით. ეს ნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს „სამი კუთხის“ წესი, ანუ მუხლები, თეძოები ზურგთან ერთად და ხელები, იდაყვის სახსრებში მოხრილი, ქმნიან სწორ კუთხეებს. ტერფები ამ დროს იატაკზე დგას, თავად დასაჯდომი კი მუხლქვეშა ნაკეცების დონეზეა. ვინაიდან ბავშვი განუწყვეტლივ იზრდება, უფრო მოსახერხებელია არ იყიდოთ მისთვის მუდმივად ახალი ავეჯი, არამედ ერთხელ შეიძინოთ ისეთი, რომელიც მასთან ერთად „იზრდება“. თქვენ შეძლებთ გაზარდოთ მაგიდისა და სკამის ფეხების სიმაღლე პატარას ზრდასთან ერთად. კარგია, როდესაც საწერ მაგიდის ზედაპირის დახრის დონე რეგულირდება. წერა უმჯობესია 15-30 გრადუსიანი კუთხით, მაშინ კისრის ხერხემლის გადატვირთვა არ ხდება.
ასევე მინდა ვთქვა, რომ როგორი სწორიც არ უნდა იყოს სკამი, თუ ბავშვი მასზე რეგულარულად მრუდედ ზის, ხერხემლის ჯანმრთელობაზე საუბარი არც კი შეიძლება, ამიტომ პატარას ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ სწორად ჯდომა.