ბავშვი სუფრიდან გარბის – როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?
ბავშვი სწრაფად კარგავს ინტერესს საკვების მიმართ და სათამაშოდ გარბის? ერთ სრულფასოვან სადილს თორმეტ წახემსებად ხომ არ აქცევს? დედას წელში წყვეტს, აიძულებს კვებოს ხან ხტუნვაში, ხან ფრენაში, ოღონდ არა სუფრასთან?
ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალია დაელოდონ, სანამ ბავშვი წამოიზრდება და აგრძელებენ პატარას გამოხტომების ატანას. სინამდვილეში პრობლემა ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება: ბავშვის კაპრიზებს, საზღვრებს ოჯახში, ქცევის ნორმებს და კვებით რიტუალებს.
ძალაუფლება – მშობლებს, ფაფა – ბავშვებს
როდესაც პატარა უფროსების ნებართვის გარეშე სუფრიდან მიდის – ეს ხშირად პროტესტის ფორმაა. მსგავსი ქცევა შეიძლება გამოვლინდეს ისტერიკებში, ნივთების სროლაში ან აკრძალვების იგნორირებაში. ბავშვი ცდილობს თავისი წესების დამკვიდრებას, ხოლო მშობლები ხშირად უბრძოლველად ნებდებიან.
სიტუაციის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, რომ მშობლები შეთანხმდნენ აღზრდის საერთო წესებზე და ერთიან მიდგომაზე. ამ შეთანხმებაში აუცილებლად უნდა შედიოდეს სუფრასთან ქცევის წესებიც.
საზღვრები ოჯახში
ზოგჯერ ოჯახში ქცევის წესები მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. მაგალითად, დედისთვის შეიძლება მოსახერხებელი იყოს ბავშვის სწრაფად დაპურება, ხოლო მამას სურს ოჯახური ხანგრძლივი ვახშამი. შედეგად, ბავშვს გაურკვეველი წესები აქვს და ხშირად ისჯება იმ ნორმების დარღვევისთვის, რომლებიც რეალურად არც არის განსაზღვრული.
პირველ რიგში, ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მისაღები კვების რეჟიმი და ეს საკუთარი მაგალითით აჩვენოს ბავშვს.
სუფრის რიტუალები
დაახლოებით 1 წლის ასაკში ბავშვი უკვე ცდილობს კოვზით დამოუკიდებლად ჭამას. თუ მშობელი მუდმივად ართმევს მას კოვზს და თავად აჭმევს, ბავშვი კარგავს ინიციატივას და პასუხისმგებლობას.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იჯდეს სუფრასთან ოჯახის წევრებთან ერთად და ნელ-ნელა ისწავლოს ჭამის კულტურა.
- მიეცით ბავშვს საშუალება თავად გამოიყენოს კოვზი.
- მოგვიანებით გააცანით ჩანგალი და დანა.
- საბავშვო სკამი მიაწიეთ საერთო მაგიდასთან.
- მიეცით შუშის ჭიქიდან დალევის შესაძლებლობა, როგორც დიდებს.
პატარა ხრიკები მშობლებისთვის
- უარი თქვით ხშირ წახემსებებზე, რათა ბავშვი სუფრასთან მშიერი დაჯდეს.
- მოითხოვეთ, რომ ბავშვი იჯდეს სუფრასთან ყველასთან ერთად.
- მიეცით უფლება თავად აირჩიოს საკვები წარმოდგენილი კერძებიდან.
- დღეში ერთი კვება მაინც გახადეთ საერთო საოჯახო.
- შაბათ-კვირას ერთი კვება აქციეთ სადღესასწაულოდ და ერთად მოამზადეთ კერძები.
- მიეცით ბავშვს სუფრის გაწყობაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
სუფრიდან წასვლის წესი
შემოიღეთ კვების დასრულების სიტყვა-მარკერი. მაგალითად: „მადლობა“. როდესაც ბავშვი ამას იტყვის, შეუძლია სუფრიდან წასვლა.
- ამ სიტყვის შემდეგ სუფრასთან უკან აღარ დააბრუნოთ.
- თუ ბავშვი ჭირვეულობს – სავარაუდოდ დანაყრდა.
- თუ სუფრასთან ჯდომა არ შეუძლია, მიეცით თავის რეჟიმში ჭამის უფლება.
როდესაც ოჯახში ქცევის მკაფიო წესები არსებობს და ბავშვიც მათ საზღვრებში თავისუფლად მოქმედებს, სამზარეულო აღარ იქცევა ბრძოლის ველად.