ორსულობის ჩვეული ტკივილები
ზურგისა და ფეხების ტკივილი ორსულობის დროს
ორსულობის დროს, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, ქალის ორგანიზმი ძლიერ ცვლილებებს განიცდის. იზრდება სხეულის წონა და იცვლება სიმძიმის ცენტრი, რის შედეგადაც იმატებს დატვირთვა საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე. ჰორმონები არბილებენ მყესებს, ხოლო სითხის შეკავება იწვევს ნერვების მიდამოებში ქსოვილების დაწოლას, რაც პერიოდულ ტკივილსა და დისკომფორტს განაპირობებს. ზოგჯერ ტკივილის გამოსაწვევად საკმარისია დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმაც კი.
რა უნდა გავაკეთოთ?
ერთის მხრივ, ორსულმა ქალმა უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე:
- ატაროს მოხერხებული და სტაბილური ფეხსაცმელი;
- ეძინოს ხარისხიან ორთოპედიულ მატრასზე;
- არ გადაიტვირთოს და დროულად დაისვენოს;
- სწორად და სრულფასოვნად იკვებოს.
მეორე მხრივ, ორსულობა ავადმყოფობა არ არის. უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. ყოველდღიური სეირნობა და სპეციალური ვარჯიშები ორსულებისთვის ეფექტურად იცავს ზურგისა და მენჯის ძვლების ტკივილისგან.
თუ უკვე გაწუხებთ ზურგის ან ფეხების ტკივილი, ფიზიკური დატვირთვა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. უპირატესობა მიენიჭოს ნელ ვარჯიშებს, რომლებიც კუნთების გაწელვასა და მოდუნებას უწყობს ხელს. მუცლის არეში ნებისმიერი მწვავე ტკივილის ან დისკომფორტის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ტკივილის შესამცირებლად ეფექტურია მსუბუქი დამამშვიდებელი მასაჟი, რომელიც უნდა შესრულდეს ნაზი ზემოქმედებით და თანდათანობით გაზრდილი ინტენსივობით. თუ ტკივილი არ ქრება ან ორსულობამდე არსებობდა ზურგის პრობლემები, აუცილებელია ექიმ-ოსტეოპათის კონსულტაცია.