როგორ ვითარდება თქვენი პატარა?
ორსულობის 25-ე კვირას ნაყოფის ძვლის ტვინი სრულად იღებს სისხლის წარმოქმნის ფუნქციას, რომელსაც ადრე ღვიძლი და ელენთა ასრულებდნენ. თქვენი პატარას ძვლოვან ქსოვილში იწყებს კალციუმის დაგროვება, ხოლო მისი კუნთები აგრძელებენ გამაგრებას. ის აქტიურად ავარჯიშებს მათ, ხრის და შლის ფეხებსა და ხელებს და ბრუნავს გვერდიდან გვერდზე, მაგრამ საშვილოსნოში სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. ამ კვირიდან თქვენი პატარას მთავარი ამოცანა წონის მომატებაა.
ამ ვადაზე თქვენს პატარას შეუძლია სუნების შეგრძნება, რეაგირებს სინათლეზე და შესანიშნავად ისმენს, მის ყურის ნიჟარებში ახალი ხვეულები ჩნდება. თქვენი პატარა სახის მიმიკურ კუნთებს ავარჯიშებს: წარბებს კრავს, მაღლა სწევს და დაბლა ჩამოჰყავს, ცხვირს ჭმუხნის, იღიმის. მისი გარეთა სასქესო ორგანოები უკვე სრულად ჩამოყალიბებულია, ასე რომ სქესის უშეცდომოდ დადგენა ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებითაა შესაძლებელი.
რა ცვლილებები ხდება თქვენს ორგანიზმში?
მეორე ტრიმესტრი თანდათან მთავრდება და თქვენი საშვილოსნო ფეხბურთის ბურთის ზომამდე გაიზარდა. ახლა უფრო სწრაფად იღლებით, ხოლო თქვენი მოძრაობები გარკვეულწილად შეზღუდულია. არ დაივიწყოთ უსაფრთხოების წესები დიდი მუცლით: უარი თქვით მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, დიდხანს არ იწვეთ ზურგზე და არ დაკავდეთ აქტიური სპორტით.
მეორე ტრიმესტრის სასიამოვნო "გვერდითი მოვლენაა" თმის ხარისხის გაუმჯობესება. სავარაუდოდ, თქვენი თმა ახლა განსაკუთრებით ხშირი და ბზინვარე გახდა. სამწუხაროდ, მშობიარობის შემდეგ ჰორმონალური ფონი შეიცვლება და თმამ შეიძლება აქტიურად დაიწყოს ცვენა, მაგრამ 6-9 თვის შემდეგ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება.
ანალიზები და გამოკვლევები
თუ გასულ კვირას არ ჩაგიბარებიათ შარდის საერთო ანალიზი და სისხლის ანალიზი გლუკოზაზე, ახლა უნდა გააკეთოთ ეს.
ეს საინტერესოა
ყურის ნიჟარების ფორმისა და სიმკვრივის მიხედვით შესაძლებელია ნაყოფის ასაკის ზუსტად განსაზღვრა.
კვირის საქმე
იყიდეთ ფიტბოლი – დიდი ტანვარჯიშის ბურთი. ორსულობის დროს შეგიძლიათ მასზე იჯდეთ და შეასრულოთ მარტივი ვარჯიშები ზურგის ტკივილის მოსახსნელად, ხოლო მშობიარობის შემდეგ – ბავშვის დასაძინებლად და მასთან ერთად ტანვარჯიშის გასაკეთებლად.