როგორ ვითარდება თქვენი პატარა?
თქვენი პატარა პრაქტიკულად მზად არის დედის მუცლის გარეთ სიცოცხლისთვის, მას მხოლოდ წონის მომატება დარჩა. ორსულობის 29-ე კვირას ის აგრძელებს აქტიურად კანქვეშა ცხიმის დაგროვებას, ხელებსა და ფეხებზე პირველი ჩვილური ნაკეცები ჩნდება. ხოლო თხელი თმა, რომელიც ბავშვის კანს ფარავს, იწყებს გაქრობას. ამ ვადაზე ქრება ფუმფულა თმა ბავშვის წელიდან, ზურგიდან და მხრებიდან.
ორსულობის 29-ე კვირას თქვენი პატარას ძვლოვანი სისტემა ყოველდღიურად იწყებს 250 მგ კალციუმის დაგროვებას, რომელიც დედის ორგანიზმიდან "იხარჯება". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველდღიურად მიიღოთ ამ მაკროელემენტით მდიდარი პროდუქტები: რძე, მწვანე სალათები, სეზამი, ხაჭო.
რა ცვლილებები ხდება თქვენს ორგანიზმში?
მოემზადეთ: დეკრეტულ შვებულებამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა! ძალიან მალე თქვენ შეძლებთ მთელი დრო დაუთმოთ საკუთარ თავზე და მომავალ პატარაზე ზრუნვას. მანამდე კი ეცადეთ ყოველდღიურად ისეირნოთ სულ მცირე 20-30 წუთი, მეტი დაისვენოთ, გააკეთოთ მსუბუქი ტანვარჯიში. თუ გაქვთ დღისით ძილის შესაძლებლობა, აუცილებლად გამოიყენეთ ის.
თქვენი პატარა უკვე იმდენად გაიზარდა, რომ მისი მოძრაობების დროს თქვენ შეგიძლიათ ადვილად იგრძნოთ თქვენი საგანძურის თავი ან ქუსლი. დატკბით ამ შეგრძნებებით, რადგან ძალიან მალე თქვენი პატარა გაცილებით ნაკლებად იმოძრავებს, ხოლო მშობიარობამდე სულ გაჩუმდება.
გაზრდილი საშვილოსნოს გამო შეიძლება გაგიჩნდეთ დელიკატური პრობლემა – ბუასილი. სთხოვეთ ექიმს დაგინიშნოთ სპეციალური სანთლები და მალამოები და ეცადეთ მიირთვათ მეტი ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები.
ანალიზები და გამოკვლევები
ორსულობის 29-ე კვირას ანალიზები არ არის. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შარდის საერთო ანალიზი.
ეს საინტერესოა
ამ ვადაზე ყველა პატარას ღია ცისფერი თვალები აქვს.
კვირის საქმე
იყიდეთ ჰიგიენური საშუალებები, რომლებიც დაგჭირდებათ პატარასთან პირველ ხანებში.
ეს არის საფენები, სველი ხელსახოცები, მშობიარობის შემდგომი საფენები, მკერდის საფენები, საფენის ქვეშ წასასმელი კრემი, ბავშვის დასაბანი საშუალება.