როგორ ვითარდება თქვენი პატარა?
ორსულობის 34-ე კვირას თქვენს პატარას განვითარებული აქვს ყველა სისტემა და მზად არის დაბადებისთვის. ერთადერთი, რაც მას დარჩა გასაკეთებელი, არის წონის მომატება. ორსულობის ოცდათოთხმეტე კვირას თქვენს პატარას აქტიურად უსქელდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც მას დაბადების შემდეგ სითბოს შენარჩუნებაში დაეხმარება. ის უკვე ძალიან ჰგავს ახალშობილს: მას ვარდისფერი კანი აქვს, ფეხებსა და ხელებზე ფრჩხილები ეზრდება, ხოლო თავზე – თმა.
ამ ვადაზე თქვენს პატარას სრულყოფილდება სმენის ორგანოები: ახლა ის არა მხოლოდ რეაგირებს ხმებსა და ბგერებზე, არამედ შეუძლია სხვადასხვა ინტონაციის გარჩევა. თუ გაიგონებს, როგორ საუბრობს ვინმე მის გვერდით აწეული ტონით, მას შეუძლია ამაზე აღშფოთებული ბიძგებით უპასუხოს.
რა ცვლილებები ხდება თქვენს ორგანიზმში?
ორსულობის 34-ე კვირას თქვენი მუცელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, წონა მოგემატათ და სწრაფად იღლებით. ბევრი ქალი ამ პერიოდში გრძნობს ტკივილს ზურგში და სიმძიმეს ფეხებში. ნუ ინერვიულებთ: თქვენს პატარასთან შეხვედრა უკვე ახლოსაა! თუ უკუჩვენებები არ გაქვთ, ამ ვადაზე ძალიან სასარგებლოა ცურვა აუზში: ის ამშვიდებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის დატვირთვას ზურგიდან.
სავარაუდოდ, თითქმის ყოველდღე გაქვთ საწვრთნელი შეკუმშვები, ხოლო თქვენი პატარას მოძრაობები ნაკლებად ინტენსიური გახდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან საშვილოსნოში ძალიან ცოტა ადგილი დარჩა. მოძრაობები დღეში არანაკლებ ათჯერ უნდა იყოს – თუ თქვენი პატარა დიდი ხნით გაჩუმდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ანალიზები და გამოკვლევები
- ორსულობის 34-ე კვირას გელით დაგეგმილი ვიზიტი ექიმთან. ის გაგიზომავთ წონას, წნევასა და მუცლის გარშემოწერილობას, მოუსმენს ნაყოფის გულისცემას;
- ექიმი დაგინიშნავთ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს;
- ორსულობის 34-ე კვირას თქვენ უნდა გაიკეთოთ კარდიოტოკოგრაფია (KTG) – ტესტი ნაყოფის გულისცემის შესაფასებლად.
ეს საინტერესოა
ორსულობის 34-ე კვირას ბევრ ქალს აწუხებს ძილის დარღვევა – ასე ემზადება მომავალი დედის ორგანიზმი მოსალოდნელი უძილო ღამეებისთვის!
კვირის საქმე
შეიძინეთ თქვენი პატარასთვის დარჩენილი ნივთები – მალე გაგიჭირდებათ მაღაზიებში სიარული!