ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

фон страницы фон страницы
ორსულობის კალენდარი
цветок Aguboy Ягода Ягода
ორსულობის 40-ე კვირა

ორსულობის 40-ე კვირა

ორსულობის 40-ე კვირას ნაყოფი აგრძელებს ზრდასა და წონის მატებას, ზომით კი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ თხილის ნაყოფს – სეიშელის კაკალს დაემსგავსა. პატარას ზომა: 50 – 53 სმ პატარას წონა: 3100 – 3500 გრ

რა ხდება?

საშვილოსნოში ახლა ძალიან ცოტა ადგილია, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოძრაობების რაოდენობა შემცირდება. აუცილებლად ყურადღებით მოუსმინეთ თქვენი პატარას თითოეულ მოძრაობას: როგორც ზედმეტი აქტივობა, ისე სრული უმოძრაობა არ არის კარგი ნიშანი. ნორმაში ორსულობის 40-ე კვირას 12 საათში დაახლოებით 10 მოძრაობა უნდა იგრძნოთ.

დედის მსგავსად, პატარაც ემზადება დაბადებისთვის. იმისათვის, რომ მშობიარობის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, პატარა ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონებს ადრენალინსა და ნორადრენალინს, რომლებმაც უნდა შეამცირონ ტკივილის შეგრძნებები სამშობიარო გზებზე ნაყოფის გავლისას.

ორსულობის 39-40-ე კვირისთვის თქვენი პატარას სისხლის მიმოქცევა მოწესრიგებულია, საჭმლის მომნელებელი სისტემა აქტიურად ფუნქციონირებს, ამუშავებს ამნიონურ სითხესა და მკვდარ კანის უჯრედებს. მათგან წარმოქმნილი მეკონიუმი ბავშვის ნაწლავებს მხოლოდ დაბადების შემდეგ დატოვებს. თავის ქალის ძვლები კვლავ მოქნილია, რის წყალობითაც ნაყოფი უპრობლემოდ შეძლებს სამშობიარო არხში გავლას.

ორსულობის 40-ე კვირა დასასრული უნდა იყოს, მაგრამ პრაქტიკაში მხოლოდ რამდენიმე ქალი მშობიარობს მოსალოდნელ ვადაში. ასე რომ, მოითმინეთ და დაელოდეთ, განაგრძეთ ჩვეული ცხოვრების წესი. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან მალე ჩაეხუტებით თქვენს პატარას.

თქვენი მდგომარეობა

თუ მშობიარობის წინამორბედები ჯერ არ გქონიათ, ორსულობის 40-ე კვირას ისინი შეიძლება გამოჩნდნენ.

  • მუცლის დაწევა. ბავშვი საშვილოსნოში ქვევით გადაადგილდება და თავით მენჯის ფსკერს ეჭიდება. ამის გამო მომავალ დედას უქრება გულძმარვა და გაცილებით უადვილდება სუნთქვა. მაგრამ შარდის ბუშტზე ძლიერი ზეწოლის გამო ორსულებს ამ ვადაზე უფრო ხშირად უწევთ ტუალეტში სიარული;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები. მშობიარობამდე დაახლოებით 24-48 საათით ადრე შეიძლება მოხდეს განავლის გათხევადება;
  • მადის დაკარგვა;
  • წონის დაკლება. მშობიარობამდე სხეულის წონა შეიძლება შემცირდეს 1-2 კგ-ით;
  • ლორწოვანი საცობის გამოსვლა. ორსულობის 40 კვირის განმავლობაში საცობი ხურავდა საშვილოსნოს ყელის შესასვლელს და იცავდა ბავშვს ინფექციებისგან. მისი გამოყოფა (ამის შესახებ თქვენ გაიგებთ ტრუსებზე ლორწოს გროვებით) ათავისუფლებს ბავშვისთვის სამშობიარო გზებს;
  • სანაყოფე წყლების დაღვრა. ამნიონური სითხე იღვრება უშუალოდ მშობიარობამდე. ყველაზე ხშირად ის გამჭვირვალეა, მაგრამ თუ მასში მოხვდა მეკონიუმის ნაწილაკები, ფერი შეიძლება იყოს მოყვითალო ან მომწვანო;
  • მტკივნეული და ცრუ შეკუმშვები ორსულობის 40-ე კვირას. პირველმშობიარე ქალებს შეიძლება აერიოთ საწვრთნელი შეკუმშვები ნამდვილში, მით უმეტეს, რომ ორსულობის 39-40-ე კვირისთვის ცრუ შეკუმშვებსაც თან ახლავს მტკივნეული შეგრძნებები და უფრო ხშირად მეორდება, ვიდრე წინა ვადებში. იმის გასაგებად, თუ რა სახის შეკუმშვები გაქვთ, კუნთების შეკუმშვის დროს შეცვალეთ სხეულის მდგომარეობა. დაწექით ან, პირიქით, ადექით, გაიარეთ ოთახში, შემდეგ დაჯექით სკამზე. თუ შეკუმშვები შეწყდა, ეს ჯერ არ არის მშობიარობა.

რისკ-ფაქტორები

ორსულობის 40-ე კვირის მთავარი საფრთხე სწრაფი მშობიარობაა. ბავშვი შეიძლება ძალიან სწრაფად დაიბადოს, განსაკუთრებით განმეორებით მშობიარე ქალებში. ამიტომ უმჯობესია წინასწარ, მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, დაწვეთ საავადმყოფოში. ხოლო თუ საავადმყოფოსთან ახლოს ცხოვრობთ, მოერიდეთ ხანგრძლივ მგზავრობებსა და დამღლელ შოპინგს.

ორსულობის 40-ე კვირას აუცილებელია გამონადენის ხასიათის კონტროლი. თუ მათ სუნი, ფერი და კონსისტენცია შეიცვალეს (მაგალითად, გახდნენ ჩირქოვანი ან ხაჭოსებრი), ეს მიუთითებს ინფექციურ დაავადებაზე, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. საშოში პათოგენური მიკრობების არსებობა ქმნის ბავშვის ინფიცირების რისკს.

როგორც ნებისმიერ ვადაზე, ორსულობის 39-40-ე კვირას საშიშია ანემია, რის შედეგადაც ქსოვილებში მცირდება ჟანგბადის დონე. დაბალი ჰემოგლობინი პროვოცირებს ნაყოფის ჰიპოქსიას, ხოლო მომავალი დედა აწყდება გვიანი ტოქსიკოზისა და მშობიარობის გართულებების გაზრდილ რისკს.

ორსულობის დროს ანემიის შესაძლო ნიშნები:

  • კანის სიმშრალე;
  • ფრჩხილებისა და თმის მტვრევადობა;
  • სისუსტის შეგრძნება და სწრაფი დაღლილობა;
  • კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე;
  • უძილობა;
  • თავის ტკივილი;
  • გონების დაკარგვის მოახლოების შეგრძნება;
  • არითმია და ბრადიკარდია;
  • ყაბზობა;
  • გემოვნების შეცვლა.

ანემიის მკურნალობა მოიცავს რკინის შემცველი პრეპარატების მიღებას და სპეციალური დიეტის დაცვას.

სამედიცინო დაკვირვება

ორსულობის 40-ე კვირას გელით ექიმთან მორიგი ვიზიტი, სადაც ჩატარდება უკვე ჩვეული პროცედურები: არტერიული წნევის გაზომვა, აწონვა, საშვილოსნოს ფსკერის სიმაღლის განსაზღვრა და, რა თქმა უნდა, ბავშვის გულისცემის მოსმენა.

ხოლო თირკმელების მუშაობის გასაკონტროლებლად საჭირო იქნება შარდის ანალიზის ჩატარება. თუ ექიმის მიერ დადგენილი მშობიარობის თარიღი გავიდა, შეიძლება დაგინიშნონ დოპლეროგრაფია. ეს გამოკვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს ნაყოფის სისხლის ნაკადის, პლაცენტაში და საშვილოსნოს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა, ასევე განისაზღვროს, იღებს თუ არა ბავშვი საკმარის ჟანგბადსა და აუცილებელ ნივთიერებებს. კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელიც ზოგჯერ ინიშნება ორსულობის 40-ე კვირას, არის კარდიოტოკოგრაფია, რომლის წყალობითაც სპეციალისტს შეუძლია გამორიცხოს საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია.

რეკომენდაციები

მშობიარობამდე დარჩენილ დროში ეცადეთ კარგად დაისვენოთ, რადგან ბავშვის დაბადების შემდეგ ამის გაკეთება ნაკლებად სავარაუდოა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან თქვენი ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს პატარაზე. მოემზადეთ მომავალი მშობიარობისთვის და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე.

ორსულობის 39-40-ე კვირას არ ღირს კვების ექსპერიმენტების ჩატარება. მიირთვით ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. ისინი დაგეხმარებათ ძალების მოკრებაში და ენერგიის მარაგის შევსებაში, რაც მშობიარობის დროს დაგჭირდებათ. არ დაივიწყოთ ვიტამინები. ახლა ორგანიზმს ესაჭიროება K ვიტამინი (ის არის ისპანახში, ყველა სახის კომბოსტოში, სატაცურში, სურნელოვან მცენარეებში, ქლიავში და შავ ქლიავში). ეს ელემენტი აუმჯობესებს სისხლის შედედებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მშობიარობისთვის. ასევე საჭიროა A ვიტამინი, რომელიც გვხვდება ყვითელ, წითელ და ნარინჯისფერ ბოსტნეულსა და ხილში, საქონლის ღვიძლში, კვერცხის გულებში და ცხიმიან რძის პროდუქტებში. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის წონის ნაკლებობა. და კიდევ, ორსულობის 39-40-ე კვირას გჭირდებათ B ჯგუფის ვიტამინები: ისინი უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ნაყოფის სწორ განვითარებას, არამედ დედის კარგ თვითშეგრძნებასაც. მათი ყველაზე ღირებული წყაროა მშრალი ლუდის საფუარი, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ასევე B ჯგუფის ვიტამინები არის შვრიის ფაფაში, ფეტვის ფაფაში, ხორცში, თევზში, კვერცხში, პარკოსნებში და რძის პროდუქტებში.

თუ ორსულობის 40-ე კვირას იგრძნობთ შეკუმშვების დაწყებას, ნუ იჩქარებთ სამშობიარო სახლში წასვლას. მშობიარობამდე უნდა შეივსოთ ენერგიის მარაგი, ამისთვის შეგიძლიათ დალიოთ ტკბილი კომპოტი, მიირთვათ ცოტა უცხიმო ხაჭო ან იოგურტი. როგორც კი შეკუმშვების ხანგრძლივობა 1 წუთს მიაღწევს, ხოლო მათ შორის ინტერვალი 5-7 წუთი იქნება, წადით სამშობიარო სახლში.

ბევრ მომავალ მშობელს აინტერესებს კითხვა, საზიანოა თუ არა სექსი ორსულობის 39-40-ე კვირას. უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ეს აკრძალული არ არის. ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სქესობრივი კონტაქტი რეკომენდებულია კიდეც, როგორც მშობიარობისთვის მომზადების საშუალება. სპერმა შეიცავს ჰორმონ პროსტაგლანდინს, რომელიც არბილებს საშვილოსნოს ყელს, ხოლო ქალის მიერ განცდილი ორგაზმი ასტიმულირებს შეკუმშვების დაწყებას.