რა ხდება?
ორსულობის მე-6 კვირას ემბრიონის ნერვული მილი იხურება, მისი გასქელებული ნაწილიდან იწყება თავის ტვინის ჩამოყალიბება, ხდება ნერვული უჯრედების დაყოფა. ფორმირდება თავი (ჯერჯერობით ის ძალიან დიდია, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება), თვალების, ცხვირის, პირის, ყურის ნიჟარებისა და შიდა ყურის ჩანასახები.
ამ ვადაზე ემბრიონი თავკომბალას ჰგავს. მის სხეულზე არის ღარები, რომლებიც ლაყუჩებს მოგვაგონებს, ხოლო ხელებისა და ფეხების ჩანასახები შეიძლება ფარფლებს შევადაროთ. ასევე პატარას აქვს პატარა კუდი, რომელიც შემდეგ კუდუსუნად გარდაიქმნება.
პატარას გული აქტიურად სცემს და ულტრაბგერით აპარატზე უკვე შესაძლებელია მისი შეკუმშვების სიხშირის დადგენა. ყველა ბავშვში ის განსხვავებულია (100-დან 160 დარტყმამდე წუთში), მაგრამ საშუალოდ თითქმის ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დედას. გულის ამუშავებასთან ერთად იწყება ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი – სისხლის მიმოქცევა.
ორსულობის მე-6 კვირას სწრაფად ვითარდება პლაცენტა: ძალიან მალე ის აიღებს თავის თავზე ყვითრის პარკის ფუნქციას და დამოუკიდებლად დაიწყებს ემბრიონის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას. იზრდება სანაყოფე წყლების რაოდენობა.
ჭიპლარის ღერო გარდაიქმნა ჭიპლარად და თქვენს პატარას უკვე შეუძლია მოძრაობა. ჯერჯერობით მისი მოძრაობები ქაოტური ხასიათისაა, მაგრამ დროთა განმავლობაში კოორდინირებული გახდება.
ორსულობის მე-6 კვირას ვითარდება კუნთოვანი და ხრტილოვანი ქსოვილი, წარმოიქმნება ძვლის ტვინის, ელენთისა და თიმუსის (ენდოკრინული ჯირკვალი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა აქვს იმუნიტეტის ფორმირებისთვის) ჩანასახები, მიმდინარეობს ღვიძლის, ფილტვების, კუჭისა და პანკრეასის ჩამოყალიბება და განვითარება. ნაწლავი გრძელდება და ქმნის სამ მარყუჟს. პატარა მუცელში არ ეტევა, ის მუცლის ღრუს გარეთ გამოდის და ნაწილობრივ ჭიპლარის არხში მდებარეობს. პირველი ტრიმესტრის ბოლოს ნაწლავი თავის ადგილს დაიკავებს მუცლის ღრუში.
ჯერჯერობით თქვენს პატარას არაფერი ესმის, მაგრამ უკვე რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე. ნაყოფი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა – 4-დან 9 მმ-მდე სიგრძით, ხოლო მისი წონა დაახლოებით 0,9 – 1,3 გრამია. სასქესო ორგანოები ჩანასახოვან მდგომარეობაშია, ამიტომ თქვენი მომავალი ბავშვის სქესი ამ ვადაზე ჯერჯერობით გაურკვეველია.
თქვენი მდგომარეობა
მუცელი ჯერ არ დაწყებულა ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნო გადიდდა. ზოგჯერ მუცლის გადიდებაში ურევენ შებერილობას, რომელიც საჭმლის მონელების პრობლემებთან არის დაკავშირებული. ეს უსიამოვნება პროგესტერონის დონის მატების გამო ხდება. გარდა ამისა, ორსულობის დროს კუჭის კუნთები დუნდება და საკვებს უფრო უჭირს მისი დატოვება. დისკომფორტის შესამცირებლად მიირთვით მცირე ულუფებით, მიიღეთ მეტი უჯრედისი (ახალი ბოსტნეული, ხილი და ჩირი), დალიეთ არანაკლებ ორი ლიტრი წყალი დღეში და არ ჩაიცვათ ტანსაცმელი, რომელიც ეპიგასტრიუმის არეს გიჭერთ.
ორსულობის მე-6 კვირას შეიძლება იგრძნოთ გულისრევა (განსაკუთრებით დილით), ხოლო ზოგჯერ ღებინებამაც შეგაწუხოთ. გაგიჩნდებათ უცნაური კვებითი მიდრეკილებები და გაგიმძაფრდებათ მგრძნობელობა სუნების მიმართ. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ თქვენი ორგანიზმი ეგუება პატარა ადამიანის საჭიროებებს, რომელიც თქვენში იზრდება. ადრეული ტოქსიკოზი უკან დაიხევს პლაცენტის ფორმირების დასრულების შემდეგ (დაახლოებით ორსულობის 14-16-ე კვირას).
ამ პერიოდში, ისევე როგორც გასულ კვირას, სწრაფად დაიღლებით და იგრძნობთ ძილიანობას. ჰორმონალური ფონის ცვლილებასთან დაკავშირებით შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გულის წასვლაც კი. კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტია კანის ცხიმის გამომუშავების გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აკნეს გაჩენა.
ასევე შეამჩნევთ, რომ ძუძუსთავები ძალიან მგრძნობიარე გახდა, ხოლო მათ გარშემო არეოლები გამუქდა. მომავალში მათი უფრო მუქი ფერი პატარასთვის ორიენტირი იქნება, რომელიც დედის რძემდე მისვლაში დაეხმარება, რადგან სიცოცხლის პირველ თვეებში ახალშობილთა მხედველობა ჯერ კიდევ სუსტია.
რისკ-ფაქტორები
ორსულობის ადრეულ ვადებში ქალის იმუნიტეტი ქვეითდება, ამიტომ მომავალი დედა უფრო მეტად არის მიდრეკილი სხვადასხვა დაავადებებისკენ. დააკვირდით თქვენს მდგომარეობას. თუ მუცელი გეჭიმებათ, ეს შეიძლება მუცლის მოშლის საფრთხეს ნიშნავდეს. ზოგჯერ წელისა და მუცლის ტკივილი საშვილოსნოს იოგების გაჭიმვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ უსაფრთხოებისთვის უმჯობესია მიმართოთ ექიმს.
თუ ორსულობის მე-6 კვირას გაქვთ მტკივნეული შეგრძნებები მუცელში, ზურგში და მათ დაემატა მუქი ყავისფერი გამონადენი ან სისხლის ლაქები, დაუყოვნებლივ წადით საავადმყოფოში. გაციება, ტემპერატურის მომატება, სამედიცინო პრეპარატების უკონტროლო მიღება – ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია, რომელიც იწვევს ორსულობის სპონტანურ შეწყვეტას.
სხვათა შორის, ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ გამონადენის ხასიათს. თუ ის ყვითელი, მწვანე ან ნაცრისფერ-მწვანე ფერისაა, აქვს მკვეთრი უსიამოვნო სუნი, თან ახლავს ქავილი, წვა და გარეთა სასქესო ორგანოების შეშუპება, საუბარია გენიტალურ ინფექციებზე, რომლებიც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.
სამედიცინო დაკვირვება
ორსულობის მე-6 კვირას ქალები რეგისტრირდებიან ქალთა კონსულტაციაში. ამ პერიოდში საჭირო იქნება შარდისა და სისხლის ანალიზების ჩატარება, რომელთა შედეგების მიხედვით გინეკოლოგი განსაზღვრავს, როგორ მიმდინარეობს ორსულობა. შესაძლოა, ექიმი პირველად გამოგიგზავნოთ ულტრაბგერით გამოკვლევაზე და ეს სეანსი თქვენი პატარასთან პირველი გაცნობა იქნება. ახლა მონიტორზე შეიძლება დაინახოთ პატარა ლაქა, რომელიც ლობიოს მარცვალს ჰგავს. ეს თქვენი მომავალი ბავშვია.
ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს სპეციალისტი დაადასტურებს ორსულობის არსებობას, განსაზღვრავს, არის თუ არა ის „ჩვეულებრივი“ თუ მრავალნაყოფიანი, გააკონტროლებს ნაყოფის გულისცემას. თუ აღმოჩნდება, რომ ტყუპებს ელოდებით, მომავალში უფრო ხშირად მოგიწევთ ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება, რადგან რამდენიმე ბავშვის ტარებისას რისკები პროპორციულად იზრდება.
რეკომენდაციები
ყოველ წამს გახსოვდეთ, რომ თქვენი პატარა მგრძნობიარეა ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედების მიმართ. არ მიიღოთ რაიმე წამალი ექიმის ნებართვის გარეშე, ეცადეთ მოერიდოთ სტრესებს, ბევრი დაისვენოთ და სრულფასოვნად იკვებოთ.
უმჯობესია, თუ საკვებს მიიღებთ ფრაქციულად (ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით). ორსულობის მე-6 კვირას აუცილებელია რაციონში რთული ნახშირწყლების ჩართვა, რომლებიც სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ამისათვის მიირთვით პარკოსნები, ფაფები, მაკარონი, ბაღის მწვანილი, ყაბაყი, კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ვაშლი, ატამი, გრეიფრუტი, ალუბალი. უარი თქვით ყველა მავნე საკვებზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღება (რძე, ყველი, ხაჭო, კეფირი,მაწონი და სხვა).
გააგრძელეთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის მიღება (თუ ღებინება გაქვთ, ვიტამინები მიიღეთ მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად გერევათ გული). რეგულარულად აიწონეთ და აკონტროლეთ წნევა: თუ ის ოდნავ დაწეულია, სანერვიულო არაფერია, ხოლო თუ მომატებულია – ეს შეშფოთების მიზეზია. სხვათა შორის, არა მხოლოდ სხვადასხვა დაავადებებმა, არამედ ნერვულმა გამოცდილებამაც შეიძლება მოგიმატოთ წნევა, ამიტომ უნდა ისწავლოთ დამშვიდება და მოდუნება.