ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

фон страницы фон страницы
ორსულობის კალენდარი
цветок Aguboy Ягода Ягода
ორსულობის მე-5 კვირა

ორსულობის მე-5 კვირა

თქვენი პატარა ცოტათი გაიზარდა, ახლა ის სეზამის მარცვლის ზომისაა.

ემბრიონის ზომა: 1,5 – 2,5 მმ

ამ ვადაზე ემბრიონი უკვე ორი კვირისაა.

რა ხდება?

ახლა ჩანასახის სხეულს C-ს ფორმა აქვს, მაგრამ უკვე ვიზუალურად შეიძლება განისაზღვროს, სად იქნება თავი, ხელები, ფეხები, მუცელი, ზურგი და დუნდულები.

ორსულობის მე-5 კვირას იწყება ზედა სასუნთქი გზებისა და პატარა ადამიანის გულის ფორმირება. ამასთან, ამ კვირის შუიდან პაწაწინა გული ნელ-ნელა ირთვება მუშაობაში. თავდაპირველად შეკუმშვები არარეგულარული იქნება, მაგრამ სამი დღის შემდეგ გულისცემა რიტმული გახდება.

ამ ვადაზე ფორმირდება პირველი სისხლის უჯრედები, თანდათანობით წარმოიქმნება სისხლძარღვები, იწყება ღვიძლისა და პანკრეასის ჩამოყალიბება.

ასევე ორსულობის მე-5 კვირას ნაწილობრივ იხურება ნერვული მილის შუა ნაწილი. შემდგომში მისგან განვითარდება ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავის ყოველდღიური მიღების გაგრძელება.

ამ კვირის განმავლობაში იწყება ჩონჩხის, საშარდე სისტემისა და ნაწლავების ფორმირება.

თქვენი მდგომარეობა

გარეგნულად თქვენი სხეული არანაირად არ იცვლება. და მაშინაც კი, თუ უკვე მიხვდით, რომ ორსულად ხართ, გარშემომყოფებისთვის ეს ჯერჯერობით შეუმჩნეველია.

მე-5 კვირას თქვენ გაქვთ მენსტრუალური ციკლის შეფერხება. თუ ის რეგულარული იყო, მენსტრუაციის უეცარი შეწყვეტა შეიძლება იყოს პირველი ნიშანი იმისა, რომ ფეხმძიმედ ხართ.

ჩამოვთვალოთ ორსულობის სხვა სიმპტომები.

გულისრევა

ჩვეულებრივ, ის დილით ვლინდება, ხოლო დღის განმავლობაში შეიძლება გაძლიერდეს. ზოგიერთ ქალში გულისრევა იმდენად სერიოზული ხდება, რომ გადადის შეუჩერებელი ღებინების სტადიაში. დღეისათვის არ არსებობს ამ უსიამოვნო მდგომარეობისგან 100%-ით ეფექტური საშუალება. და იმისათვის, რომ ტოქსიკოზმა რაც შეიძლება ნაკლებად გაგიფუჭოთ ცხოვრება, სცადეთ დაიცვათ რამდენიმე რეკომენდაცია:

  • მიირთვით უფრო ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით;
  • უარი თქვით თქვენთვის უსიამოვნო სუნის მქონე საკვებზე;
  • მიიღეთ ცილების მაღალი შემცველობის პროდუქტები;
  • ორგანიზმის გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე;
  • უფრო ხშირად დაისვენეთ;
  • მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

კვებითი ახირებები

ამ პერიოდში ყველა „ორსულობამდელი“ ჩვევა და მიდრეკილება თავდაყირა დგება. ის პროდუქტი, რომელსაც ადრე ვერ იტანდით, ხდება ყველაზე საყვარელი, ხოლო ის, რისგანაც წარსულში სიამოვნებას იღებდით, ახლა ზიზღს იწვევს. და თუ უეცრად რაიმე გემრიელის ჭამა მოგინდებათ, ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, სწორედ აქ და ახლა. შეეჩვიეთ! სანამ თქვენი პატარა არ დაიბადება, ეს ნორმა იქნება.

მომატებული მადა

თავისთავად რაიმე პროდუქტის მიმართ მომატებული მადა ჯერ კიდევ არ არის ორსულობის მაჩვენებელი, მაგრამ თუ ეს სხვა ნიშნებთან ერთად ვლინდება, ნამდვილად ელოდებით ბავშვს.

გახშირებული შარდვა

ეს შეიძლება გაგრძელდეს მთელი ორსულობის განმავლობაში და გამწვავდეს მშობიარობამდე. გასაკვირი არაფერია, რადგან საშვილოსნო ძლიერ იზრდება და ზეწოლას ახდენს შარდის ბუშტზე.

სწრაფი დაღლილობა და სისუსტე

ორგანიზმი ეგუება ახალ გარემოებებს. ამიტომ გარკვეულ მომენტებში გრძნობთ, რომ არასდროს ყოფილხართ ასე დაღლილი. ასეთ მდგომარეობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ სრულფასოვანი ღამის და დღის ძილი.

თავის ტკივილი

ორსულობის მე-5 კვირას თავი შეიძლება ხშირად გტკიოდეთ, მაგრამ ამ ვადის ბოლოს ტკივილი ქრება, რადგან ორგანიზმი ადაპტაციას ამთავრებს.

ემოციური არასტაბილურობა

ახლა ორგანიზმში სრული სვლით მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები, ამიტომ შეიძლება გახდეთ გაღიზიანებული, კაპრიზული, უყურადღებო და კონცენტრაციის უუნარო. ეს დროებითი მოვლენებია და როდესაც სხეული „შეეჩვევა“ თავის ახალ მდგომარეობას, თვითშეგრძნება აუცილებლად გაუმჯობესდება.

რისკ-ფაქტორები

თუ გაწუხებთ მუდმივი მზიდი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მსგავსი იმისა, რასაც მენსტრუაციის წინა დღეებში გრძნობდით, ეს შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოს მომატებულ ტონუსზე. თუმცა ზოგჯერ აღნიშნული სიმპტომები დაკავშირებულია ნაწლავების დისფუნქციასთან – ამ შემთხვევაში ისინი ჩნდება მუცლის დაჭერის ან ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ. განიხილეთ პრობლემა ექიმთან: თუ ის ნამდვილად საჭმლის მონელებასთან არის დაკავშირებული, სპეციალისტი დანიშნავს უსაფრთხო სპაზმოლიზურ საშუალებას და დაგეხმარებათ სწორი რაციონის შედგენაში.

მაგრამ როდესაც მზიდ(ქვემოთ ქაჩვის) ტკივილს ემატება ყავისფერი ან სისხლიანი „წინწკლები“, ძლიერი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი კოლტებით, არსებობს სპონტანური აბორტის ალბათობა. მუცლის მოშლის მიზეზები შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი: ჩვეულებრივი გაციებიდან (ძალიან საშიშია 38 გრადუსი და ზემოთ ტემპერატურა) ემბრიონის განვითარების რაიმე ანომალიამდე.

გარდა ამისა, მე-5 კვირას შესაძლებელია ჩანასახის გაყინული ორსულობა, როდესაც ემბრიონი წყვეტს განვითარებას და იღუპება დედის საშვილოსნოში. ამ შემთხვევაში ჩნდება სუსტი სისხლიანი გამონადენი, ხოლო მუცელში იგრძნობა ტკივილი. გაყინული ორსულობის ფაქტის დასადგენად აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება.

ასევე ამ ვადაზე ზოგიერთ ქალს ტუჩის ლორწოვანზე ჰერპეტული გამონაყარი უჩნდება. თუ ასეთი გამონაყარი პირველად არ გაქვთ, ამჟამად ჰერპესი ნაყოფისთვის საშიში არ არის: მომავალ ბავშვს თქვენი იმუნიტეტი დაიცავს.

კვება

ორსულობის მე-5 კვირის მთავარი წესი – მიირთვით ყველაფერი, რაც გინდათ, მაგრამ გადაჭარბების გარეშე. საუკეთესო ვარიანტია ხშირი და მცირე ულუფებით კვება. მაშინაც კი, თუ მადა არ გაქვთ, ჭამა მაინც საჭიროა, რადგან თქვენს პატარას სჭირდება საკვები ნივთიერებები. სცადეთ მიირთვათ ის, რაც ამჟამად ყველაზე ნაკლებ ზიზღს იწვევს. თქვენთვის სასურველი პროდუქტისგან გულისრევის შეგრძნება შეიძლება გაქრეს და მის ნაცვლად ნამდვილი შიმშილი გაგიღვივდეთ. და არ დაგავიწყდეთ, რომ რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და არ შედგებოდეს მხოლოდ ახალი კვებითი მიდრეკილებებისგან.

ამ ვადაზე რეკომენდებულია არ ჭამოთ:

  • უმი მოლუსკები;
  • პაშტეტები;
  • უმი კვერცხი;
  • არაპასტერიზებული რძე;
  • თერმულად დაუმუშავებელი ხორცი;
  • რბილი ყველი.

სამედიცინო დაკვირვება

მე-5 კვირა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩნდება საფუძველი იმის საეჭვოდ, რომ ორსულად ხართ. და ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სამედიცინო კონტროლი.

თუ ორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე დაორსულდით, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული თქვენს ფეხმძიმობაში? მიუხედავად ამისა, შეწყვიტეთ აბების მიღება და მიდით გინეკოლოგთან.

საშვილოსნოსშიდა სპირალით დაწყებული ორსულობა ხშირად მუცლის მოშლით მთავრდება. რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს სპირალის სასწრაფოდ მოსაშორებლად.

ორსულობის მე-5 კვირას ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩვეულებრივ არ ტარდება. თუმცა, თუ საჭიროა „დიაგნოზის“ დადასტურება ან საშვილოსნოსგარე ორსულობის გამორიცხვა, ტარდება დაუგეგმავი ულტრაბგერითი გამოკვლევა. ულტრაბგერითი გამოკვლევა აჩვენებს, რამდენი ნაყოფი ვითარდება დედის საშვილოსნოში და სად ზუსტად არიან ისინი მიმაგრებული. ასევე სპეციალისტი შეაფასებს საშვილოსნოს მდგომარეობას. ჯერჯერობით არ იქნება შესაძლებელი მომავალი ბავშვის არც წონის და არც სავარაუდო სქესის დადგენა: თქვენი პატარა ჯერ ძალიან პატარაა. მაგრამ ორსულობის მე-5 კვირის ბოლოს თქვენ შეძლებთ მოისმინოთ თქვენი პატარას გულისცემა და მონიტორზეც კი დაინახოთ ის.